ვალის სანაცვლოდ ადამიანის ხორცი, პირუთვნელი მართლმსაჯულება თუ ღირსების სასამართლოს მარცხი

 

ინგა ახვლედიანი-ბერძენიშვილი

 

კრედიტორი და თავდები ვენეციის სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მართლმსაჯულება ახალგაზრდა იურსტ ვაჟად გარდასახულმა  ვენეციელმა  ქალმა განახორციელა, რომელმაც ერთდროულად  ვექილობა, მსაჯულობა და ბრალმდებლობაც   კი შეითავსა. 

საქმე შემდეგში მდგომარეობდა:

სასტიკი თავდებობა

ვენეციელმა ბასანიომ მის რჩეულ პორციაზე დასაქორწინებლად შაილოკისგან  საჭირო თანხა 3000 დუკატი  3 თვის ვადით  სესხად აიღო.

თავდებად მისი საუკეთესო მეგობარი ანტონიო დაიყენა, რომელიც  ყველაზე უცნაურ და სასტიკ პირობას დასთანხმდა ­ სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ვალდებულებას საკუთარი სხეულიდან ამოგლეჯილი ერთი გირვანქა ხორცით შეასრულებდა. ხელშეკრულება შედგა. ვალდებულება კი დროზე ვერ დაიფარა.

კერდიტორმა თავდებს შეთანხმებული პირობის შესრულება სასამართლო წესით მოსთხოვა.

ვენეციის სასამართლო

ვენეციის დამოუკიდებელი ქალაქი — სახელმწიფოს  მმართველი ჰერცოგი მართლმსაჯულების აღსრულებას საამისოდ უფლებამოსილ პირზე დელეგირებდა. ეს უკანასკნელი მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა.  შაილოკის საქმის განმხილველად მოწვეული მოსამართლე ბელარიოს წერილით ცნობილი ხდება ავადმყოფობის გამო ჰერცოგისადმი თხოვნა — კარგი რეკომენდაციით წარგზავნილი რომაელი  ვექილის  ბალთაზარის — საქმის განხილვის და გადაწყვეტისათვის დაშვება, რომელიც სინამდვილეში ბასანიოს საცოლე — ვაჟად გადაცმული პორციაა.

პორციას პროფესიული ხრიკები

პორცია მთელს საზოგადოებას სასამართლო პროცესზე  სახელშეკრულებო პირობის შესრულების კეთილსინდისიერების ვალდებულებას ამცნობს. მოპასუხე-თავდები ანტონიო  ვალდებულებას აღიარებს.  

პორცია შაილოკს  კანონიერი ინტერესისათვის ბრძოლის პერსპექტიულობაში აიმედებს და იგი ამას კარგი იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების დემონსტრირებით ახერხებს, მაგრამ ამავე დროს, შაილოკს მიტევებისკენ მოუწოდებს.

ბრძოლა უფლებისათვის ამავე დროს არის ბრძოლა კანონისთვის (რ.ფ იერინგი —„ბრძოლა უფლებისათვის“)

შაილოკი, უარი თქვას სასტიკი პირობის აღსრულების უფლებაზე თუნდაც სამმაგი თანხის სანაცვლოდ, არც ჰერცოგის, არც პორციას  და არც ბასანიოს თხოვნას არ თანხმდება. (რა არის ისეთი საკრალური, რაც შაილოკის გულს ვერ ალღობს?!...). შაილოკს  სამართალი სწყურია, იგი არის უდრეკი და პრინციპული აღსრულდეს ვენეციის კანონი, არ მოკლას თავისი უფლება — დაიბრუნოს ვალი შეთანხმებული პირობით, განა ამასვე არ უდასტურებს მოსამართლე?!.

შებრუნება საუარესოდ

არალეგალურმა იურისტმა — ვაჟად გადაცმულმა ქალმა საოცარი ორატორული ნიჭი და  გამჭრიახობა გამოავლინა. მან დაპირისპირებულ  ფასეულობათა —ზნეობასა და სამართლის შესახებ  ყველაზე სკანდალური საქმე ერთგვარ წარმოდგენადაც კი აქცია. პორცია თავისი საქმროს თავდებად დამდგარი ანტონიოს სიცოცხლის გადასარჩენად ხელშეკრულების სიტყვასიტვითი განმარტების მეთოდს ირჩევს და შაილოკს და მთელ გარშემო მყოფთ არწმუნებს, რომ პირობის აღსრულება, შაილოკის ფასდაუდებელი უფლება, ზედმიწევნითი სიზუსტის გარეშე კანონწინააღმდეგობას ქმნის. პორცია, უკვე  ერთგვარი ცინიზმითაც კი, მოუწოდებს შაილოკს აღასრულოს უფლება, ის უფლება, რომელიც თვითონვე დაადასტურა — ამოჭრას მხოლოდ ერთი გირვანქა ხორცი, არც მეტი არც ნაკლები. ამასთან, ისე, რომ ანტონიოს წვეთი სისხლიც კი არ დაიღვაროს, რადგან ხელშეკრულების პირობა  სისხლის დაღვრის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. უფლების უზუსტოდ აღსრულების გამო კი შაილოკი მთელი თავისი ქონების კონფისკაციით დაისჯება.

შაილოკი უკან იხევს, მზადაა უარი თქვას ხელშეკრულების ყველაზე სასტიკი პირობის აღსრულების უფლებაზე თანხის სანაცვლოდ. პორციას მსაჯულობამ შაილოკისთვის აქაც ვერ გაამართლა.  იგი არ ეთანხმება შეცვლილ პირობას და შეახსენებს, რომ კერდიტორმა თანხის დაბრუნება ერთხელ უკვე იუარა. გამარჯვების ზღვარზე მდგარი მსაჯული უკვე ჯიუტად მოუწოდებს შაილოკს აღასრულოს თავისი ფასდაუდებელი უფლება.

შაილოკი ნებდება,  უარს ამბობს  სარჩელზე, სურს დაბრუნდეს შინ,  მაგრამ აქ  კრედიტორისთვის ვითარება უფრო მეტად მძიმდება.

პორცია  ბრალმდებლად გადაიქცევა და ხელშეკრულების ყველაზე საზარელი და სასტიკი პირობის საპირწონედ უცხოელთა შესახებ ვენეციის კანონი მოჰყავს. კანონი სჯის უცხოს, ვინც კი პირდაპირ თუ არაპირდაპირ განიზრახავს ვენეციის მოქალაქის მკვლელობას. სასჯელი არის სიკვდილი და სახელმწიფოს და დაზარალებულის  სასარგებლოდ ქონების ჩამორთმევა. შაილოკი კი არის უცხო.

შაილოკის და ანტონიოს როლები, რომ პირიქით ყოფილიყო,  როგორც არაუცხოს და ვენეციის მოქალაქის ანტონიოს უფლება ადამიანის სხეულის ნაწილზე გამართლებადი იქნებოდა?! ალბათ, რადგან პორცია არ არგუმენტირებს ხელშეკრულების პირობის ამორალურობაზე, რომელიც იმთავითვე არარად აქცევდა კრედიტორის ყველაზე სასტიკ უფლებას.

 

ღირსების საპირწონედ

ჰერცოგი  შაილოკს შეიწყალებს, მისი სიკვდილით დასჯაზე უარს ამბობს, თუმცა შაილოკს ასეთი სიცოცხლე არ სურს. ბოლოს დამნაშავედ აღიარებული კრედიტორი დაიყოლიეს. იგი ანტონიოსგანაც ,,შეწყალებულია", თუმცა  ქონების ნაცვლად  ჯარიმას ორი პირობით ითხოვს: პირველი — შაილოკის ქონება  მის არასასურველ სიძეს და მოღალატე ქალიშვილს ეანდერძება, ხოლო მეორე — შაილოკი თავის რჯულს შეიცვლის.

 

უგანაჩენოთა განაჩენი

მართლმსაჯულება შედგა. ვენეციურმა სამართალმა ვენეციელისთვის იზეიმა.    შაილოკი ამავე სამართლისგან  მოტყუებული დარჩა.

აღნიშნული ამბავი საოცარი ემოციურობით გადმოსცა უილიამ შექსპირმა თავის პიესაში ,,ვენეციელი ვაჭარი", რომელიც  დაახლოებით 1596 წელს დაიწერა.  პიესა განსაკუთრებული ინტერესის საგანი ხდება   იურიდიული აზროვნების ჭრილშიც.

ყველა ეპოქა კუთვნილი საზოგადოებრივი აზროვნების ანარეკლი სამართლით ცოცხლობს. როგორი იყო მაშინდელი საზოგადოება?

შაილოკი ვენეციის მუდმივი მაცხოვრებელია, მაგრამ ვენეციის მოქალაქე  არ არის და ასეთად  ვერასდროს გახდება, რადგან  ებრაელია. შაილოკი მდიდარი კაცია, უფრო მეტიც, ვენეციის ეკონომიკა შაილოკების და მისნაირ უცხოების მხრებზე დგას. ხოდა ისინიც ენდობიან ვენეციის სამართალს და ხანაც შერიგებული არიან მასთან.

თუ მაშინდელ ვენეციას გადავხედავთ, გავიხსენებთ, რომ იქ ებრაელი ერის დევნის პროცესის შეჩერების სახელმწიფო კომპრომისი ებრაელთა გეტოს შექმნით შედგა. საყურადღებოა, რომ საღამოს  ებრაელებს  ექიმების  გარდა  გეტოდან სხვა ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალებათ. მათ გალავანს   ქრისტიანი მცველები აკონტროლებენ. ებრაელების ინტერესი პროფესიათა თავისუფალ არჩევაზეც კი შეზღუდულია.

ანტონიო ვენეციელი მდიდარი ვაჭარია. იგი შაილოკს უღირსად ექცევა  ამცირებს, დასცინის მის საქმიანობას — მევახშეობას, შაილოკის რელიგიას პატივს არ სცემს .

ანტონიო სესხის სათხოვნელად მისულიც კი შაილოკთან ამპარტავნობს, მედიდურობს, მას დამამცირებელი სიტყვებით ამკობს.

 დამცირებისგან სასოწარკვეთილი შაილოკი ერთგან ამბობს:

,,თუ, თავი მდაბლად დაგიხაროთ და მონურის ხმით

სუნთქვაშეკრულმა, მორჩილებით წავიჩურჩულო:

„კარგო ბატონო, ამ ოთხშაბათს თქვენ შემაფურთხეთ,

ამა და ამ დღეს წიხლი მკარით, იმის შემდეგ კი

ძაღლი მიწოდეთ და ასეთი ალერსის გამო

ვალდებული ვარ მე ამდენი ფული გასესხოთ“.

 

ანტონიო პასუხობს:

,,მე მზად გახლავარ იმგვარადვე გიწოდო ახლაც,

იმნაირადვე შეგაფურთხო, მიგაპანღურო.

ფულის სესხებას თუ ისურვებ, — მასესხე,

მაგრამ ისე კი არა, ვით მეგობრებს, —

ან კი სად თქმულა ფუჭსა ლითონში მეგობარმა მოგება ნახოს? 

ისე მასესხე, როგორც შენს მტერს,

რათა შეგეძლოს, თუ კი დროზე ვერ დაგიბრუნა,

დამშვიდებულმა დასჯა მოსთხოვო“.

 

შაილოკი ანტონიოს მსხვერპლია. ანტონიოსი, თავისი მრწამსის მთავარი  პოსტულატი — სიყვარული და შემწყნარებლობა, რომ დავიწყნია. ამდენად, ტრაგიკული ყოფის გამო  (ერთადერთმა ქალიშვილმაც კი უღალატა. ჯესიკამ საკუთარი ღირსების მიმართ სოლიდარობა არ ისურვა და მამის მაგინებელ რჯულის კაცზე იქორწინა)  შურისძიების გარდა რაღა დარჩენია? 

რატომ არ შეიწყალა შაილოკმა ანტონიო?  კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე მარტივია. შეკითხვას: ,,ნუთუ ვედრება შენზე სულაც არ იმოქმედებს?! შაილოკი პასუხობს: ასეთ ვედრებას შენი ჭკუა ვერ მოიგონებს".

ვერავინ გაიაზრა თუ რა სურდა შაილოკს, არავინ გულთან არ მიიტანა  მისი პიროვნების მიუღებლობის ტანჯვით განცდილი ტკივილი, ვერავინ ამოიცნო  შურისძიების საფუძველი.

ადამიანისთვის ღირსება ხშირად სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელია და ამას ვერაფერი სხვა ფასეულობა ვერ გადასწონის. 

შაილოკი სასამართლოს შესჩივის :

 

,,მუდამ მლანძღავდა, ვაჭრობაში ნახევარ მილიონჯერ მაინც ხელი შეუშლია. წავაგებდი — იცინოდა, მოვიგებდი — დამცინოდა, ჩემი რჯული ეზიზღებოდა, სავაჭრო გეგმებს მიწეწავდა. მეგობრებს ჩემზე გულს უცივებდა, მტრებს აღაგზნებდა. მერე რატომ? იმიტომ, რომ ებრაელი ვარ. განა ებრაელს თვალები არ აქვს? განა ებრაელს ხელები არ აქვს? განა არა აქვს ყველა ორგანო, გრძნობები, მისწრაფებანი, ვნებათღელვანი? განა იმავე საჭმელს არა სჭამს? იმავე იარაღით არ იჭრება? იმავე სნეულებით არ ხდება ავად? იმავე წამლით არ იკურნება? ზამთარ-ზაფხულშიაც ხომ ისევე სცივა და სცხელა, როგორც ქრისტიანს? თუ გვიჩხვლიტეთ, განა ჩვენ არ დაგვედინება სისხლი?! თუ გვიღიტინეთ, განა ჩვენ არ გაგვეცინება?! თუ მოგვწამლეთ, განა ჩვენ კი არ მოვკვდებით?! და თუ შეურაცხგვყავით, ნუთუ არ უნდა ვიძიოთ შური?! თუკი ყველაფრით გგევართ, ამითაც დაგემსგავსებით. ებრაელმა რომ ქრისტიანი შეურაცხყოს, რა იქნება იმისი სულგრძელობა? შურისძიება! და თუ ქრისტიანმა შეურაცხყო ებრაელი, იმისი მოთმინება რაღა უნდა იყოს ქრისტიანის წაბაძვით?! რა თქმა უნდა, შურისძიება! თქვენ ბოროტებას მასწავლით, მე კი ავასრულებ და თუ თქვენ დარიგებაზე უკეთ არ შევასრულე, ცუდად იქნება ჩემი საქმე“.

 

შაილოკს სამართალი სწყურია და რეალურად ეს სამართალი სწორედ, მისი პიროვნებად აღიარების მოპოვების თხოვნის და მოთხოვნის  მცდელობაა.   არც ვენეციელმა დამსწრე საზოგადოებამ, არც ანტონიომ და მით მეტად,  სიკეთისათვის გარჯილმა მსაჯულმა პორციამაც შაილოკის მიმართ სინანული არ გამოხატა.

პორციამ კაცებს მართლაც დიდი გამოწვევა გამოუცხადა  (იმ დროისათვის ქალების განათლებაზე მისაწვდომობა შეზღუდული იყო, მით უფრო, ისინი ვერ იქნებოდნენ ვექილები თუ მსაჯულები. პორციას პირადი ცხოვრების თავისუფალი არჩევანის უფლებაც კი მამისგან შეზღუდული ჰქონდა), თავისი ორატორული ნიჭით, გამჭრიახობით დაამტკიცა ქალის გონებრივი შესაძლებლობა, მაგრამ ჩაგრული შაილოკის მიმართ სოლიდარული ვერ გახდა. ერთი შეხედვით ორივე მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა, თუმცა პორცია, ხომ არ იყო პირუთვნელი. იგი  მხარე იყო და საქმროს მეგობრის სასარგებლოდ იბრძოდა, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა  ბრწყინვალედ შეასრულა და ამავე დროს გულუბრყვილობით სასტიკი საზოგადოებისგან ყოველდღე ღირსებაშელახულ შაილოკს უფრო სასტიკი განაჩენი გამოუტანა   საკუთრი ღირსების დაცვის უფლება გაუქარწყლა. უფრო მეტიც, შაილოკს განადგურებული უფლებისათვის  ტანჯვის სამუდამო  დამღა დაესვა მისი იდენტობის უპირობო გამოხატულების საკუთარი რჯულის სანაცვლოდ სხვა მრწამსი აიძულეს. ამიტომ პორციას სასამართლო, თავისი ლეგიტიმურობითაც ხომ ფარსია და თავისი შემწყნარებლობითაც.

შაილოკის ღირსების სასამართლო დამარცხდა.

არ მეთანხმებით? მაშ, შეგვიძლია ვიდავოთ!

 

(ფოტო: Antonio (Jamie Ballard) menaced by a vengeful Shylock (Makram J. Khoury) in The Merchant of Venice 2015. Photo by Hugo Glendinning © RSC)